03:10:00     07-02-2014
ბრძოლა 'ჯინსების თაობისთვის' - ნაწარმოების ეკრანიზებას ორი რეჟისორი გეგმავს
1983 წელს რვა ახალგაზრდამ საბჭოთა კავშირიდან გაქცევა დაგეგმა. როგორც
საქორწინო მაყრიონი, თვითმფრინავში ავიდნენ და თვითმფრინავი გაიტაცეს.
სისტემიდან გაქცევა არ გამოუვიდათ. ქართული ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა
გამტაცებელთა სიცოცხლის შენარჩუნების თხოვნით ხელწერილები შეაგროვა, თუმცა
მათ მიმართ სასჯელის უმაღლესი ზომა გამოიყენეს.… მოგვიანებით მათ თაობას
ჯინსების თაობა შეარქვეს.
ბოლო დროს ამ ამბავზე ფილმის გადაღება ორმა რეჟისორმა, ნიკოლოზ ხომასურიძემ და რეზო გიგინეიშვილმა, გადაწყვიტა.
ნიკოლოზ ხომასურიძე:
-
პირველად სამი წლის წინ ვიფიქრე, რომ ამ ამბავზე ფილმის გადაღება ძალიან
მაგარი იქნებოდა. თვითმფრინავის გატაცება სისტემის წინააღმდეგ მიმართული
აქცია იყო. ჩემთვის ეს თემა ძალიან ახლობელია და გარდა ამისა, ძალიან კარგი
ამბავია მეგობრობაზე, დედაშვილობაზე.
- ამ ცნობილი ამბის
შეფასებისას ქართველი საზოგადოების აზრი ორ ნაწილადაა გაყოფილი, ზოგი
ბიჭებს გმირებად მიიჩნევს, ზოგი - არა. თქვენს ფილმში ამ კითხვაზე პასუხი
თუ იქნება?
- ჩემი აზრით, თვითმფრინავის გატაცებას დიდი
გამბედაობა სჭირდება. გარდა ამისა, ეს იყო საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ
მიმართული აქცია. მათ უნდოდათ სისტემიდან გაღწევა. ფილმზე მომუშავეებმა
თემა კარგად შევისწავლეთ. ჩვენ მონაწილეებს არ გამოვიყვანთ ისე, როგორც
გმირებს. უბრალოდ, გადმოვცემთ მომხდარ ამბავს. ფილმის ორი მთავარი თემა
იქნება სისტემის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი და, მეორე მხრივ, სიყვარულის
ამბავი.
- ფილმში მხოლოდ დათო ტურაშვილის 'ჯინსების თაობას' დაეყრდნობით?
-
დათო ტურაშვილისგან მხოლოდ წიგნის გამოყენების უფლება შევიძინეთ.
ჩამოვიყვანეთ ამერიკელი სცენარისტი თომას დანი, რომელიც სცენარის დაწერაში
დაგვეხმარება. მე და გიორგი ქავთარაძე ვართ ამ ფილმის შემქმნელები და
პროდიუსერები. იმისთვის, რომ სცენარი მაქსიმალურად ზუსტი ყოფილიყო,
შევხვდით პილოტს, ახმად გარდაფხაძეს, რომელმაც დიდი გმირობა ჩაიდინა, ასევე
აეროპორტის თანამშრომლებს, თვითმფრინავის გამტაცებლების მშობლებს,
გავეცანით არქივებს….
- მაყურებელი ამ საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებს შეიტყობს?
- სულ სხვა ისტორიას დაინახავთ. ეს ფილმი მხოლოდ ქართველ მაყურებელზე არ გაგვითვლია.
- ნიკოლოზ, ჩვენი ჟურნალისთვის ცნობილი გახდა, რომ რეზო გიგინეიშვილიც გეგმავს 'ჯინსების თაობის' გადაღებას.
-
რასაკვირველია, ვიცი ეს ამბავი. თვითმფრინავის გატაცება ისეთი ისტორიაა,
რომ შესაძლოა, ბევრ რეჟისორს გაუჩნდეს მასზე ფილმის გადაღების სურვილი.
როგორც ვიცი, რეზო გიგინეიშვილი იმ მასშტაბის გადაღებების დაწყებას არ
აპირებს, როგორსაც - მე. სიმართლე გითხრათ, არ მაინტერესებს, ვინ რას
აკეთებს, ყველას თავისი საქმე აქვს.
- რეზო გიგინეიშვილს იცნობთ?
- მხოლოდ ერთხელ შევხვედრივარ.
- თქვენს ფილმს 'ჯინსების თაობას' დაარქმევთ?
-
სხვა ვარიანტებიც განიხილება. შეიძლება, არ ერქვას 'ჯინსების თაობა'.
ჩვენ ურთიერთობა გვაქვს ამერიკულ სადისტრიბუციო კომპანიებთან. მათთან ერთად
დავაზუსტებთ ფილმის სახელს.
- როგორც ვიცი, უკვე ცნობილია,
რომ მღვდლის როლს ინგლისელი მსახიობი ჯეისონ ფლემინგი შეასრულებს.
რამდენიმე ინტერვიუში აღნიშნეთ, რომ გეგა კობახიძის როლზე ლეონარდო
დიკაპრიოს განიხილავთ.
- ჯეისონი ჩემი მეგობარია და ის
მღვდლის როლს შეასრულებს. რაც შეეხება ლეონარდო დიკაპრიოს, მისი
კანდიდატურა არ განიხილებოდა. არ ვიცი, თქვენ საიდან გახსოვთ, მაგრამ
ლეონარდო დიკაპრიო ჩვენთან არ იმუშავებს. ამ ეტაპისთვის ძალიან მაღალი
დონეა და რამდენიმე წელიწადში შევეცდები, რომ დავითანხმო ჩემს ფილმში
სათამაშოდ.
- კიდევ რომელი მსახიობები მიიღებენ მონაწილეობას ფილმში?
-
კასტინგი მარტში ჩატარდება და მარტის ბოლოს ყველაფერი გვეცოდინება.
გადაღებების დაწყებას შემოდგომაზე ვგეგმავთ. ფილმი ეკრანებზე 2015 წელს
გამოვა.
- ამ ეტაპზე კიდევ რა ფილმზე მუშაობთ?
- ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ ფილმის გადაღებას ვგეგმავთ, უკვე დავამთავრეთ სცენარიც და ძალიან მალე დავიწყებთ აქტიურად მუშაობას.
- ფილმებს კი იღებთ, მაგრამ ფართო მაყურებელს თქვენი ნამუშევრები არ უნახავს.
-
ჩემთვის ფილმის ეკრანზე გაშვება სპეციფიკური მომენტია. საქართველოში
ფილმის გამოსვლა-არგამოსვლით არაფერი წყდება. მინდა, ისეთი პროდუქტი
შევქმნა, რომელიც ღირსი იქნება, მსოფლიო მასშტაბებზე გამოვიდეს. 'ჯინსების
თაობა' სწორედ ისეთი ფილმია, რომ შესაძლოა, მსოფლიო და ქართულ
კინოგაქირავებაშიც გამოვიდეს.
- როგორც ჩანს, ფილმს 'დავიწყებული მეფე', რომელიც რეკორდულ დროში გადაიღეთ, ქართველი მაყურებელი ვერ ნახავს.
-
ქართველმა მაყურებელმა ფილმი ერთხელ, თბილისის კინოფესტივალზე უკვე ნახა.
მე ჩემი გეგმა მაქვს, რომელსაც მივყვები და წარმატებული ნაბიჯებით წინ
მივიწევ. გაზაფხულზე ამ ფილმს კიდევ ერთხელ ვაჩვენებთ, როდესაც გინესის
რეკორდების წარმომადგენელი ჩამოვა და შეგვიფასებს. იმედია, ყველაფერი ჩვენ
სასიკეთოდ გადაწყდება.
ვინაიდან
რეზო გიგინეიშვილიც აპირებს 'ჯინსების თაობის' ეკრანიზებას, ჟურნალ
'რეიტინგს' ჰქონდა სურვილი, ინტერვიუ მასთანაც ჩაეწერა. სამწუხაროდ,
რეზოს გასულ კვირას მამა გარდაეცვალა და მასთან შეხვედრა ვერ მოვახერხეთ.
მწერალმა დათო ტურაშვილმა კი, რომელსაც ეკუთვნის წიგნი ამ გახმაურებული ამბის შესახებ, ჩვენს კითხვებს უპასუხა.
- თქვენი აზრით, რატომ დაინტერესდა ერთდროულად ორი რეჟისორი თვითმფრინავის გატაცების თემით?
-
ფილმი, რომელშიც მოქმედება თვითმფრინავში ხდება, ისედაც საინტერესოა ხოლმე
და ამიტომ სულაც არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ასეთი დრამატული ისტორიის
ეკრანიზაციის სურვილი რამდენიმე რეჟისორს გაუჩნდა.
- რეზო გიგინეიშვილი თქვენი მეგობარია. ხომ არ იცით, რა გეგმები აქვს ამ ფილმთან დაკავშირებით, ვის დააკავებს მთავარ როლებზე?
-
რეზო ჩემი მეგობარია, მაგრამ ჩემი 'ჯინსების თაობის' მიხედვით ფილმის
გადაღების უფლება ეკუთვნის არა მას, არამედ ერთ საპროდიუსერო კომპანიას,
რომელსაც ამ ფილმისთვის სულ სხვა რეჟისორი ჰყავს შერჩეული. თუმცა რეზოს
მაინც სურს ამ ისტორიის ეკრანიზება, რისი უფლებაც მას, ისევე, როგორც
ნებისმიერ სხვა ადამიანს, აქვს და რასაკვირველია, მისგან მოსმენილი მაქვს
ის ვერსია, რომელიც საკმაოდ განსხვავებულია ჩემი წიგნისგან. რეზოს საბოლოო
სცენარი არ აქვს, ამიტომაც არ ვიცი, ვისი გადაღება უნდა ფილმში. არ
მიკითხავს და ალბათ, გადაწყვეტილი არც მას აქვს.
- 'ჯინსების
თაობაზე' ფილმის გადაღებას რეჟისორი ნიკოლოზ ხომასურიძეც გეგმავს. მისი
სურვილია, ფილმში ძირითადად უცხოელი მსახიობები მოიწვიოს. თქვენი აზრით,
რამდენადაა უცხოელი მსახიობის მოწვევა ფილმის წარმატების გარანტი?
-
ნებისმიერი ფილმის წარმატების წინასწარ განსაზღვრა ძნელია და როგორც წესი,
ამას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს და არა მხოლოდ მსახიობი ან
მსახიობები.
- თვითმფრინავის ბიჭებზე გადაღებული ფილმი, თქვენი მოსაზრებით, მათ შესახებ არსებულ რომელ მოსაზრებას გაამართლებს?
-
მე არც ადამიანთა იმ ჯგუფს მივეკუთვნები, რომელიც მათ ცალსახად გმირებად
წარმოაჩენს და არც იმ ჯგუფს, ვისაც მათ შესახებ კატეგორიულად უარყოფითი
აზრი აქვს და მათ ჩვეულებრივ ტერორისტებად მიიჩნევს. მე მათ ვუყურებ,
როგორც მსხვერპლს, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გაქცევის მოსურნეთა
თავგანწირვის აქციას მოჰყვა. ყოველთვის მინდოდა, მეტი მცოდნოდა მათ შესახებ
და ამიტომაც დავწერე ეს რომანი. როგორც წესი, ნებისმიერი მწერლისთვის
თვითონ წიგნი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ფილმი ან სპექტაკლი. სხვებსაც,
ვისაც ეს ისტორია აწუხებს და აინტერესებს, უპირველესად წიგნის წაკითხვას
ვურჩევ, რადგან იქ ბევრ რამეზეა პასუხი გაცემული.…
მერი კობიაშვილი
ჟურნალი 'რეიტინგი'
0